შესავალი
დავების მოგვარების ალტერნატიულმა მეთოდებმა, რომელშიც სამედიატორო
და საარბიტრაჟო ინსტიტუტები იულისხმება, სამოქალაქო სამართლის სფეროში გასულ საუკუნეში მკვეთრი აღმასვლა განიცადა. მედიაცია დავის გადაწყვეტის ერთ-ერთი მეთოდია სადაც ნეიტრალური პირი _ მედიატორი დაპირისპირებულ მხარეებს ანდა მათ წარმომადგენლებს ეხმარება მათ შორის წარმოშობილი კონფლიქტის ურთიერთსასარგებლო შეთანხმებით დასრულებაში. არსებობს ძირეული განსხვავებები
მედიაციის პრაქტიკაში გამოყენების დროს, რაც დამოკიდებულია არა მხოლოდ მედიატორის ცოდნაზე,
არამედ მის კულტურულ წარსულზე, გამოცდილებაზე და იმ სტილზე, თუ როგორ უდგება თავის
სამუშაოს.
თითოეული მედიატორი განსხვავდება,
ისევე, როგორც ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ზოგი მედიატორი ბევრს საუბრობს
პროცესის დროს, ზოგი კი პირიქით - ცდილობს ნაკლები ილაპარაკოს და მეტი ყურადღება დაუთმოს
მხრეთა მოსაზრებებს. მედიაციის წარმართვისას
მედიატორს ეძლვა საშუალება ამოირჩიოს ის სტილი, რომელსაც მისაღებად თვლის. თითოეული
ამ სტილისათვის კი არსებობს გამოყენების რამდენიმე განსხვავებული მიზეზი.
მედიაციის სტილები და მათი გამოყენების
უპირატესობები ერთ-ერთი ყველაზე საკამათო თემაა. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ჩამოვთვალოთ
ათეული მათგანი, დღესდღეობით მიიჩნევა, რომ არსებობს მედიაციის 4 მთავარი სტილი: ხელშემწყობი
(Facilitative); შეფასებითი (Evaluative); ტრანსფორმაციული (Transformative) და ნარატიული
(Narrative). მომდევნო აბზაცებში ჩვენ განვიხილავთ თითოეულ მათგანს.
სტილები
ხელშემწყობი (Facilitative) სტილი ყველაზე პოპულარული
იყო 1960-1970-იან წლებში. მეტიც, იგი იმდენად მნიშვნელოვნად მიიჩნეოდა, რომ მხოლოდ
მას ასწავლიდნენ და ხმარობდნენ პრაქტიკაში, თუმცა დღესაც არანაკლებ გამოიყენება. მოცემული
სტილის გამოყენების დროს მედიატორის მოვალეობა იყო დაესვა მხარეთათვის კითხვები, გაცნობოდა
მათ მოსაზრებებს, ეძებნა ის ინტერესები, რაც ამოძრავებდათ დავის დროს და დახმარებოდა
მხარეებს მიეღოთ საბოლოო გადაწყვეტილება. იგი იყენებს სხვადასხვა სტრატეგიებს, მაგალითად,
ე.წ Reframing-ი, მომავალზე ყურადღების გამახვილება, მხარეთა გრძნობების დადასტურება
და ა.შ. ამავდროულად, მედიატორი, რომელიც ამ სტილს იყენებს, არის აბსოლუტურად ნეიტრალური
- მას არ აქვს არავითარი უფლება, გამოთქვას თავისი აზრი, მისცეს პირებს რეკომენდაციები
და რჩევები. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ მოცემულ პერიოდში მედიატორთა უმეტესობა იყო
მოხალისე და არა ამ საქმეში სპეციალურად გაწვრთნილი პირი, მედიაციის პროცესს კი არ
ესწრებოდნენ იურისტები. მსგავს სიტუაციას დღესაც შევხვდებით, თუმცა მრავალი გამოცდილი
მედიატორი, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა პროფესიული ცოდნა, მაინც იყენებს ამ სტილს.
ხელშემწყობი მედიაცია დანარჩენი სამისაგან ყველაზე მეტად გამოირჩევა სტრუქტურით. მის
დროს მედიატორი მიყვება მომდევნო 6 საფეხურს:
1. სესიის გახსნა / მისალმება;
2.
ინფორმაციის მოგროვება;
3.
საერთო მიზნებზე ყურადრების გამახვილება;
4.
არჩევნების შექმნა;
5.
მოცემული არჩევნების დიკუსია და განხილვა;
6.
ურთიერთშეთანხმების ჩაწერა / სესიის დახურვა;
შეფასებითი (Evaluative) სტილი განვითარდა
1980-იან წლებში, სასამართლოს მიერ დავების მედიაციით გადაწყვეტისათვის პირების მედიატორთან
მიმართვის სიხშირის გაზრდის საპასუხოდ. მოცემული სტილი იმით განსხვავდება პირველისაგან,
რომ მის დროს მედიატორი მეტად ერევა პროცესში და გამოთქვამს თავის მოსაზრებებს, თუ
რა მოხდება დავის სასამართლოსათვის დაბრუნების შედეგად. იგი განუმარტავს, თუ რა შეიძლება
იყოს საუკეთესო პოზიცია და სასამართლოს მიერ დავის გადაწყვეტის მოსალოდნელი შედეგი,
რაც ერთ-ერთი საუკეთესო ხერხია, მხარეებს დაანახოს, თუ რა შეიძლება მოხდეს მოსამართლისა
და ნაფიცი მსაჯულების წინაშე და რა შედეგი ექნება მათ გადაწყვეტილებას. მედიატორი ცდილობს
გამოიყენოს საკუთარი უნარები, რათა დაეხმაროს მოკამათე მხარეებს დაინახონ, შეაფასონ
თავიანთი პოზიციები და მიხვდნენ, არის თუ არა ისინი პრაქტიკული. ამავდროულად, იგი სიფრთხილით
უნდა მოეკიდოს საქმეს და ცდილობდეს, არ მოახვიოს საკუთარი მოსაზრება მხარეებს, ვალდებულია
განმარტების სახით დაეხმაროს მათ მოახდინონ თავიანთი პოზიციების „რეალურობის ტესტირება“
და ხელი შეუწყოს გადაწყვიტონ, თუ რა შეიძლება იყოს ყველაზე ძლიერი პოზიცია ყველა ფაქტებისა
და მოსაზრებების გათვალისწინებით.
ზემოთხსენებულ ორ სტილზე ლეონარდ
რისკინს შემუშავებული აქვს ე.წ რისკინის ბადე, სადაც მას ხელშემწყობი და შეფასებითი
სტილები დაყოფილი აქვს კიდევ ოთხ სტილად: შეფასებითი ვიწრო; შეფასებითი ფართო; ხელშემწყობი
ვიწრო და ხელშემწყობი ფართო. თავის ნაშრომში სახელწოდებით „Decisionmaking in
Mediation: The New Old Grid and the New New Grid System“ იგი განიხილავს მისივე ძველ
და ახალ ბადეებს, მათი გამოყენების თავისებურებებს მედიაციაში და ძველი ბადის სისუსტეებს.
ტრანსფორმაციული (Transformative) მედიაცია მიიჩნევა ერთ-ერთ
უახლეს სტილად პრაქტიკაში. მას მოცემული სახელი ეწოდა წიგნში „The Promise of
Mediation: The Transformative Approach
to Conflict, 1994“ რობერტ ბუშისა და იოსებ ფოლგერისაგან. მიუხედავად იმისა,
რომ ეს სტილი სტრუქტურულად თითქმის არ განსხვავდება ხელშემწყობი სტილისაგან, იგი ეხმარება
მხარეებს, დაინახონ სიტუაცია ერთმანეთის თვალთახედვის წერტილიდან. მოცემული სტილი დიდ
ყურადღებას აქცევს მხარეთა ურთიერთობას და კომუნიკაციას მედიაციის პროცესში - მათ ქმედებებს,
სხეულის ენას და საუბრის მანერას - რაც მიმანიშნებელია, თუ რატომ ვერ აღწევენ მხარეები
კონსენსუსს და რა შეიძლება დაეხმაროს მედიატორს დავის გადაჭრაში. ამ სტილმა დიდი პოპულარობა ჰპოვა შეერთებული შტატების
საფოსტო სერვისის (USPS) მედიაცით, რომელიც ცნობილია სახელით „REDRESS“ ანუ „Resolve
Employment Disputes, Reach Equitable Solutions Swiftly“. მედიატორებს საკმაოდ განსხვავებული
პოზიცია უკავიათ მოცემულის შესახებ - ზოგიერთი მედიატორი მიიჩნევს, რომ ეს სტილი საუკეთესოა
დავის გადასაჭრელად, ხოლო სხვები კი განსაკუთრებული კრიტიკით უდგებიან მას. იგივე შეიძლება
ითქვას მოკამათე მხარეებზეც. ზოგი მიიჩნევს, რომ ეს სტილი საკმაოდ ეფექტური და წარმატების
მომტანია, ზოგისთვის კი ეს უბრალოდ „მედიატორის მაგიაა“, როდესაც შეთანხმებას თავდაპირველად
თითქოს აღწევენ, მაგრამ მეორე დღეს ხვდებიან, რომ თითქმის არაფერი შეცვლილა.
ნარატიული (Narrative) მედიაცია არის უკანასკნელი
სტილი. იგი დაფუძნებულია ე.წ ნარატიულ თერაპიაზე, რომელიც ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი სახეა,
რის დროსაც თერაპევტი აცალკევებს ადამიანებს მათი პრობლემებსაგან და ასე ეხმარება მათ
გადაჭრან ის პრობლემები, რომლებიც აწუხებთ. მოცემული მედიაციის სტილის გამოყენების
დროს მიიჩნევა, რომ მხარეები კონფლიქტის ციკლში არიან გახვეულნი მხოლოდ იმიტომ, რომ
ისინი თავიანთ თავს მიიჩნევენ კონფილქტთან მიბმულს, მასთან მჭიდროდ შეკრულს, ხოლო მედიატორი,
რომელიც მათი პრობლემის მოგვარებას ცდილობს და ამ სტილს იყენებს, ხედავს მათ სიტუაციას
შორი მანძილიდან - გარეშე პირის თვალთახედვიდან. იგი მხარეებს სიტუაციას გადმოსცემს
მოთხრობის სახით, რაც მათ საშუალებას აძლევს კონფლიქტი დაინახონ შორი კუთხიდან, ისე,
თითქოს მათ არც ეხებოდეს. ამის შემდეგ მხარეები მუშაობენ მედიატორთან ამ მოთხრობის
შეცვლის გზების პოვნაზე, რათა მიაღწიონ იმ სიტუაციას, როცა უთანხმოება შეცვლილია ურთიერთშეთანხმებით
და დავა მოგვარებულია. მედიატორები ცდილობენ, ამ სტილის გამოყენებისას, „გამოსტყუონ“
მოკამათეებს დავის არსებობის ნამდვილი არსი, ხშირ შემთხვევებში მოულოდნელად და გამოიყენონ
იგი მედიაციის პროცესში თავიანთი მიზნის მისაღწევად. სწორედ მოთხრობითი ხერხი ეხმარება
მედიატორს იმის გაგებაში, თუ რას, როგორ და რატომ გრძნობენ მხარეები დავის დროს. ზოგის
მოსაზრებით ეს სტილი საუკეთესოა, როცა მხარეები აპირებენ ჰქონდეთ ურთიერთობა მედიაციის
დასრულების შემდეგაც.
განსხვავებული მიდგომები
მედიატორებს საკმაოდ ძლიერი გრძნობები და მოსაზრებები გააჩნიათ ამ სტილების მიმართ. როგორც უკვე ითქვა, ხელშემწყობი სტილი ყველაზე მისაღებად ითვლება და დღესაც საკმაოდ დიდი სიხშირით ისწავლება და გამოიყენება, თუმცა ზოგიერთ მედიატორებს შეფასებითი სტილის სწავლაც ევალებათ. ეს არც ისე ხშირია, რადგანაც მედიატორთა უმეტესობას არა მარტო ევალება ხელშემწყობი სტილის გამოყენება, არამედ ეკრძალება კიდეც ნებისმიერი სახის შეფასება. რაც შეეხება ტრანსფორმატიულ და მოთხრობით სტლებს, მათ შესახებ ბევრი ხშირად დუმს.
1997 წელს ფლორიდის კომისიამ
გადახედა მედიატორთა პროფესიულ სტანდარტებს და გარკვეულ უთანხმოებას შეხვდა შეფასებითი
სტილის შესახებ. მოცემულ დროს არსებული ორი კანონის მიხედვით: 1) მედიატორმა არ უნდა
მისცეს მხარეებს ის ინფორმაცია, რაც არ შედის მის კვალიფიკაციაში (Rule 10.090(a))
და 2) მედიატორმა არ უნდა გამოხატოს აზრი იმის შესახებ, თუ რას გადაწყვეტს სასამართლო
(Rule 10.090(d)). კომისიამ გადაწყვიტა მიეღო ახალი სტანდარტი და მივიდა ორ მოსაზრებამდე:
პირველის მიხედვით მედიატორს უკრძალავს მოსაზრებების გამოთქმას, გარდა იმ შემთხვევებისა,
როცა მას ესაჭიროება დავის შესაძლო შედეგის გაცხადება, ხოლო მეორის თანახმად, მედიატორს
შეუძლია მხარეებს მისცეს ის ინფორმაცია და რჩევები, რისი კვალიფიკაციაც მას გააჩნია
მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა ეს არ დაარღვევს მის მიუკერძოებულობას და მხარეთა თვითმყოფადობას.
თავდაპირველად ორივე მოსაზრება უარყვეს, თუმცა მოგვიანებით, 2000 წლის გადაწყვეტილებით,
მეორე სტანდარტი შემოიღეს წესად.
ამ ყველაფრისდა მიუხედავად,
მოსაზრებები მოცემული სტილების შესახებ მნიშვნელოვნად განსხვავდება. როგორც უკვე ითქვა,
ხელშემწყობ სტილს ბევრი ყველაზე მისაღებად თვლის, ხოლო ზოგიერთის აზრით, მისი გამოყენებისას
დიდი დრო იკარგება. შეფასებითი სტილი ბევრისთვის მიკერძოებული და ძალდატანებითი ხასიათისაა,
ხოლო ტრანსფორმაციული - ზედმეტად იდეალსტური, არაფოკუსირებადი და გამოუსადეგარი ბიზნესისა
და სასამართლოს დავებში.
დასკვნა
როგორც უკვე ვახსენეთ, თითოეულ
მედიატორს განსხვავებული მიდგომა აქვს ზემოთხსენებული სტილების მიმართ. ზოგი მათგანი
ერთ სტილს ირჩევს და მხოლოდ მას იყენებს. ასეთ მედიატორებს ხშირად უწოდებენ “Purists”.
მედიატორთა მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ყველა სტილი გარკვეული მნიშვნელობის მქონეა
და აკვირდებიან სიტუაციას, რათა მედიაციის
განხორციელებისას ამოირჩიონ ის სტილი, რომელსაც მოცემულ მომენტში ყველაზე მისაღებად
თვლიან. მათ მიდგომას უწოდებენ “Tool kit”-ს. ამ უკანასკნელის თანახმად, ყველა დავა
უნიკალურია და, ამ მიზეზის გამო, სხვადასხვა სტილების ცოდნა დაეხმარება მედიატორს არ
იყოს დამოკიდებული მხოლოდ ერთ სტილზე და გამონახოს სიტუაციის შესაფერისი დავის გადაჭრის
მეთოდი.
არჩევნის
გაკეთება თვით მედიატორზეა დამოკიდებული, მის გადაწყვეტილებაზე კი გავლენა შესაძლოა
მოახდინოს არა მარტო საკუთარმა გამოცდილებამ, არამედ ისეთმა ფაქტორებმა, როგორიცაა
მოდავე მხარეთა ურთიერთობა, კულტურა, წარმომავლობა, დავის საგანი, ასაკი, სამომავლო
გეგმები და სურვილები, წარსული და ა.შ.
ბიბლიოგრაფია
1)
A
Study in Mediation Styles: A Comparative Analysis of Evaluative and
Transformative Styles Katina Foster, June, 2003
3) Mediation Styles: The Purists vs. The
“Toolkit” by John Linden
4) Beginning to use a narrative approach in
therapy, Alice Morgan (http://www.narrativetherapylibrary.com/media/downloadable/files/links/0/2/021Morgan_2.pdf )
5)
International
peace mediation through a legal lens, Brenda Daly and Noelle Higgins (http://eprints.maynoothuniversity.ie/5701/1/NH-Peace-Mediation.pdf)
6)
Maryland
Program for Mediator Excellence Mediation Descriptions
(http://www.courts.state.md.us/macro/pdfs/mediationframeworkdescriptions.pdf)
7)
MEDIATION
STYLES AND TECHNIQUES, Arnold
& Porter Paul Porter Conference Center,
October 5, 2004 (https://www.adr.gov/mediation_techniques.pdf)
8) GETTING DISPUTES RESOLVED, William
L. Ury, Jeanne M. Brett and Stephen B. Goldberg, Jossey-Bass, 1988 (http://faculty.wwu.edu/dunnc3/rprnts.ThreeApproachestoResolvingDisputes.pdf)
9) THE PROMISE OF MEDIATION, Robert
A. Baruch Bush and Joseph P. Folger, Jossey-Bass,
1994
10) Leonard L. Riskin, Mediator Orientations,
Strategies, and Techniques (1994).
11) Decisionmaking in Mediation: The New Old
Grid and the New New Grid System, Leonard L. Riskin
12) Conflict Analysis in Relation to Mediator
Strategy and Type, Rick
Russel, September 2002 (http://www.mediate.com/articles/russelr.cfm#bio )
13) Styles of Mediation: Facilitative,
Evaluative, and Transformative Mediation, Zena Zumeta, September 2000 (http://www.rchss.sinica.edu.tw/cibs/law/1.%20Monthly%20Seminar%20Since%202008/Papers/2009/20090211/Chen-Chieh%20Ting_Styles%20of%20Mediation_%20Facilitative,%20Evaluative,%20and%20Transformative%20Mediation.pdf )